logo
ENG



გახარია კალაძესთან შეხვედრას "ტყუილს" უწოდებს, თუმცა მისი გუნდის წევრი შეხვედრას ადასტურებს

01 სექ 202123:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/01/313z44sssmu00cg.png

თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია უარყოფს, რომ შეხვდა კახა კალაძეს, რომელმაც, თავის მხრივ, ეს შეხვედრა დაადასტურა. ამასთან, გახარიასვე გუნდის წევრი ლევან დოლიძე მისი ლიდერისგან განსხვავებით, ამბობს, რომ შეხვედრა შედგა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა კალაძესთან შეხვედრას, გახარია პასუხობს: "არა, არა, ეს ტყუილია".

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას ქართულ ოცნებასთან ფინანსური გარიგების მცდელობა ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, გახარია ოცნების გუნდისგან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა. 

ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ტყუილებს ყვება. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში", -  თქვა გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ ამის საპირისპიროდ, გახარიას გუნდის წევრმა, ლევან დოლიძემ ფორმულას ეთერში გიორგი გახარიას და კალაძის შეხვედრა დაადასტურა. სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმა მოქმედი მერი საქმის კურსში ჩააყენა და შეხვედრაზე უთხრა, რომ თბილისის მერობაზე თავის კანდიდატურას აყენებდა.

"გიორგი გახარიას ჰქონდა გადაწყვეტილი, კახა კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, როგორც ღირსეული ადამიანი იქცევა, რომ მას ტელევიზიით არ შეეტყო ეს ინფორმაცია. მას უნდოდა ხაზი გაესვა იმ წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რასაც მმართველი ძალა აკეთებს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ დღისით, მზისით მივიდა მერიაში გახარია და კალაძის ფინანსური რესურსების გამოყოფაზე ესაუბრა, სრული აბსურდია.

შეხვედრა იყო, მაგრამ ისე, როგორც იქცევა ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის ყოფილ კოლეგას, რომელსაც მოიხსენიებს ღირსეულ ოპონენტად, მას ხვდება და ეუბნება, რომ მისი გადაწყვეტილებაა, გახდეს მისი პირდაპირი ოპონენტი", - თქვა ლევან დოლიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, როდის შედგა შეხვედრა, ლევან დოლიძემ თქვა, რომ დეტალები არ იცის.

ინფორმაცია კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამას თბილისის მერი უარყოფა და ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია "სისულელეა", თუმცა მან დღეს ეს დაადასტურა და თქვა, რომ გახარიას თბილისის მერიაში შეხვდა.

"შეხვედრა იყო. რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვეს შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", - თქვა კალაძემ. 


close დახურვა